შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 დაიწყო
შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 დაიწყო

შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 დაიწყო.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მანევრების ორგანიზატორია უკრაინისა სამხედრო-საზღვაო ძალები და აშშ-ის მეექვსე ფლოტი.

წვრთნების ფარგლებში, სამხედროები სხვადასხვა საბრძოლო სცენარს გაივლიან. მათ შორის იქნება სადესანტო ხომალდების შეტაკება, მანევრები ხმელეთზე, მყვინთავთა ოპერაციები, ანტისაჰაერო თავდაცვა, ურთიერთქმედება სპეციალური ოპერაციების დროს, ხომალდსაწინააღმდეგო აქტივობა და ასევე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

„სი ბრიზ 2021“-ში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ჯგუფი. წვრთნაში სულ ჩაერთვება 30-ზე მეტი ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი, 18 სპეციალური დანიშნულების რაზმი და მყვინთავთა ჯგუფები.

სამხედრო მანევრები შავ ზღვაში 23 ივლისამდე გაგრძელდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში შევიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი „როსი“, რომელიც ასევე ჩაერთვება სწავლებებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან წვრთნებს, რომელშიც ნატო-ს ძალებიც მონაწილეობენ.