შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას ბულგარეთსა და რუმინეთში ჩავა

00:21, 07.11.2026

შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას ბულგარეთსა და რუმინეთს ეწვევა.

როგორც „პოლიტოკო“ წერს, ევროკომისიის სამი წარმომადგენლის თქმით, მოსალოდნელია, რომ ფონ დერ ლაიენი ორივე ქვეყანაში თურქეთში კლიმატის სამიტზე დასწრებამდე ჩავა.

„ამჟამად ეს საზღვაო მარშრუტი მსოფლიოში ყველაზე სახიფათოა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

გასულ თვეში შავ ზღვაში, სულ მცირე, შვიდ კომერციულ გემს დრონებით დაარტყეს. შედეგად, ორი მეზღვაური დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რუმინეთმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მხრიდან აგრესიის ესკალაციის ნაწილია. ბულგარეთმა კი თავი შეიკავა მოსკოვისთვის პირდაპირი ბრალდების წაყენებისგან და ნაცვლად ამისა, მიუთითა, რომ დრონები „აღმოსავლეთის მიმართულებიდან“ მოვიდნენ.

კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნატო-ს მოკავშირეები შავ ზღვაში სადამკვირვებლო საქმიანობას აძლიერებენ. ბულგარული მაუწყებლის, bTV-ის ცნობით, რეგიონში იტალიური, ბრიტანული და ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ერთდროულად ასრულებდნენ მისიებს; ამასთან, საფრანგეთმა რუმინეთში საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის ყოფნის ვადა გაახანგრძლივა.

მსგავსი