შატილამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება  
შატილამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

მათივე ინფორმაციით, „მთის გზების“ პროექტის პარალელურად, გზის რეაბილიტაციის ორი პროექტი მსოფლიო ბანკის, ხოლო სამი პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა. პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ორი ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას. საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი