ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს დღეს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი. ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია იყვნენ მისული. მათ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანია და იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ყველა პუნქტის იმპლემენტაცია მოხდება.
„აღნიშნული შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის, იმ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ შეთანხმებით იყო შემოთავაზება ჩვენი მედიატორებისგან, რომ ყოფილიყო ხელმოწერა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი ხელმოწერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.