შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე, შარლ მიშელმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ფაშინიანთან და ალიევთან.

მედიის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ორ ქვეყანას შორის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენას. შარლ მიშელის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფა იყო. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში მხარდასაჭერად ევროკავშირი ექსპერტთა ჯგუფს გახდის ხელმისაწვდომს. ექსპერტთა ჯგუფი ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. შარლ მიშელის თქმით, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.