შარლ მიშელი - საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია
შარლ მიშელი - საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია

ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ელჩებო და პოლიტიკურო ლიდერებო. მე ახლა ბრიუსელში ვარ, მაგრამ გულით თბილისში ვარ, ექვსი კვირის წინ მე თქვენ საქართველოში შეგხვდით. გახსოვთ, გითხარით, რომ ხელახლა დაგეწყოთ პოლიტიკური დიალოგი და გვერდით გადაგედოთ პოლიტიკური ჩიხი თქვენს ქვეყანაში. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც დღეს ხვდებით. პრეზიდენტის სასახლე და პრეზიდენტის ინსტიტუტი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მე მაგიდაზე დავდე ხუთი არსებითი პუნქტი, რომელიც კრიზისის დასაძლევად იყო საჭირო და დაგპირდით, რომ ვიქნებოდი ჩართული. დავნიშნე ჩემი პერსონალური წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, რომელიც საქართველოს ორჯერ ეწვია და თითოეულ თქვენგანთან მრავალი შეხვედრა გამართა. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ გუნდს, ძალიან აქტიურად დაეჭირა მხარი პროცესისთვის და ექვსი კვირის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის და სიმამაცისთვის, რომ გვერდით გადადეთ განსხვავებული შეხედულებები საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ დიპლომატებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ასევე, კარლ ჰარცელს და ელჩ დეგნანს. ჩვენ ვაფასებთ ყველა თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისთვი. ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი. ეს არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა ბრიუსელიდან ონლაინ ჩართვის დროს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, შეუერთდნენ შეთანხმებას.

„საქართველოს მოქალაქეები ისედაც დგანან გამოწვევების წინაშე – „კოვიდ-19“-ის პანდემია, რეფორმები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები. მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოგიწოდოთ საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ამ ხელმოწერას. მჯერა, რომ დღევანდელი ახალი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, რეგიონი მრავალი გამოწვევის წინაშეა.

„მთიანი ყარაბაღი მტკივნეული შეხსენება იყო გასულ წელს. უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ძალების მობილიზება ღრმა შეშფოთების მიზეზია. ის, თუ რა ფორმითაც თქვენ დღეს თავი დააღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კონტექსტით. ეს კრიზისის გადაჭრის ჭეშმარიტად ევროპული ფორმაა. მინდა სიამოვნებით განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რათა შევხდვე ყველა თქვენგანს და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს, რათა გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა.