შარლ მიშელი - პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თანაბარი ძალები იქნებიან წარმოდგენილი
შარლ მიშელი - პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თანაბარი ძალები იქნებიან წარმოდგენილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი მიღწევაა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა.

„მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები თბილისში, განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით.

ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით, მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში, მე კარგად ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს.

მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, მადლობას გადავუხდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მათი მზაობისთვის და გადადგმული ნაბიჯისთვის, მსურს, აგრეთვე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი განცხადებისთვის, თქვენი მზაობისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული ამ მიმართულებაში, რომელიც უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის წლისთავს და აქ აღინიშნება, გამოიკვეთება კიდევ ეერთხელ ევროკავშირის სულისკვეთება, ევროკავშირისკენ მისწრაფება, უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, აგრეთვე სამართლებრივ რეფორმას და ჩვენ ვინარჩუნებთ, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს, რათა განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.