შარლ მიშელი - კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, საქართველოში როდესაც ვიმყოფებოდი, დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობის შესაძლებლობა
შარლ მიშელი - კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, საქართველოში როდესაც ვიმყოფებოდი, დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობის შესაძლებლობა

კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 2021 წლის ბერლინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი. გავლენის მოხდენის საუკეთესო გზაა დიპლომატიური წარმომადგებლობა და დიპლომატიური ჩართულობა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მეზობლების, კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ცოდნას და უკეთესად გაგებას.

„დიპლომატია ასევე ნიშნავს შესაძლებლობების გამოყენებას. გასულ გაზაფხულს, როდესაც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში – საქართველოში ვიმყოფებოდი ვიზიტით, მე დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა. ანალოგიურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ჩემი კონტაქტის შემდეგ, ევროკავშირმა შეძლო ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შემდგომი შეთანხმების მისაღწევად შუამავლობა. ევროკავშირს შესასრულებელი აქვს როლი, მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ამბობენ, რომ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გლობალური ძალის როლი აიღოს საკუთარ თავზე.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი, ხშირად მოულოდნელი, გარე მოთამაშეებზე გავლენის მოსახდელად. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბევრად ძლიერი და ეფექტიანი, თუ ვიქნებით უფრო პრაგმატული და თანმიმდევრული. არსებობს კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრული. ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, განვითარება, კონკურენცია, სამეზობლო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებები, ხშირად იმართება იზოლირებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად“, – დასძინა შარლ მიშელმა.