შარლ მიშელი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში.
„თავისუფლება და სოლიდარობა. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ გვსურს დავგმოთ „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული თავდასხმები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ, უპირობოდ. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის დაცვით. ჩვენ გვსურს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. ევროკავშირი მოქმედებს და სურს, მეტი გააკეთოს ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ფარგლებში. უსასრულო ესკალაცია უნდა დასრულდეს. მინდა, გითხრათ, რომ ლიბანის ჩათრევა უპასუხისმგებლობაა. ეს მოწოდებები, მათ შორის ისრაელის მთავრობისადმი მიმართული მოწოდებები, დღემდე უშედეგო აღმოჩნდა. ასე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაგმო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომი.
„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებას თავისუფლებისა და სოლიდარობის შესახებ, კვლავ ვალდებულებას ვიღებთ, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. უკრაინაში ეს ყველაფერი ირანის სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის ომის გამო ხდება. ჩვენ უნდა შევაფასოთ სიტუაცია. ირანი და რუსეთი იყენებენ ერთსა და იმავე სტრატეგიას. მათი ბირთვული მუქარა, იმპერიალისტური ამბიციები. ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა. ეს გამოიწვევს პოლარიზაციას და საერთაშორისო სისტემის შერყევას, რომელიც არ შეიძლება, ეფუძნებოდეს ორმაგ სტანდარტებს. ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში იწვევს საშინელ შედეგებს და ქალები იხდიან ყველაზე მძიმე ფასს ამისთვის, მათ შორის სუდანის სამოქალაქო ომში. 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 20 მილიონი ადამიანი საგანგებო მდგომარეობაშია. სიტუაცია ქაოსში გადადის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გარე აქტორების მიერ ამ ომების გაღვივება. შევწყვიტოთ იარაღის მიწოდება. დროა, ვიმოქმედოთ და განვახორციელოთ სამშვიდობო პროცესები“, – აღნიშნა მიშელმა.