შარლ მიშელი - ევროკავშირი საქართველოს დონორია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, როდესაც ვიხილავთ რეფორმების გაღრმავებას
სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიშელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს დონორია და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, როდესაც იხილავენ რეფორმების გაღრმავებას.
„ევროკავშირი გახლავთ საქართველოს დონორი, ორასზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტი ხუთას მილიარდ ევროზე მეტი გახლავთ, ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე. ეს არის სფეროები, რომელშიც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს. საუბარია 1,8 მილიარდ ევროზე, რომელიც მიძღვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე მწვანე ენერგიისთვის და ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ამასთან, შარლ მიშელის თქმით, მიესალმება იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრებას, რათა განხილული იყოს ასოცირების შეთანხმება.
„კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე, რა მდგომარეობაა ყირიმში, ვინაიდან ყირიმი უკანონოდ ანექსირებულია; ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განმუხტვის მიზნით, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ კვლავ რჩება ურყევი. ევროკავშირი ჩართული არის ხუთ მთავარ პრინციპში, რომ მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერა მთავარი საყრდენია ჩვენთვის.
გარდა ამისა, დღეს ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრებას, რათა განხილული იყოს ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერება და რასაკვირველია, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით; ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.