შარლ მიშელი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული თანამშრომლობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესებშია
შარლ მიშელი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული თანამშრომლობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესებშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული თანამშრომლობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესებშია. ამის შესახებ შარლ მიშელმა ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ჩინეთთან ურთიერთობები სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია.

„ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობები ჩვენს ორმხრივ ინტერესშია. საერთაშორისო საზოგადოებაში მისი როლისა და ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩინეთს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მსოფლიოში და მან უნდა ითამაშოს საერთაშორისო წესებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც ჰიროსიმაში გამართულ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირს სურს რისკების აღმოფხვრა ზედმეტი დამოკიდებულების შესამცირებლად და დივერსიფიცირებისთვის არაკეთილსინდისიერ პრაქტიკასთან საბრძოლველად.

რაც შეეხება პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს, შარლ მიშელმა ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე მისი სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.