შალვა თადუმაძე - მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა
შალვა თადუმაძე - მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

„მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის და ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.

და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე.

შეკითხვაზე, თუ რა არის სამართლიანი სასამართლო, თადუმაძემ განაცხადა, რომ ეს არის პროცედურების სრული დაცვით, მხარეებისთვის უზრუნველყოფილი გარანტიებით ჩატარებული პროცესი.

„სამართლიანი სასამართლო არის ის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი მხარის მონაწილეობა, სრულყოფილი გამოკვლევა, მიეცეს შესაძლებლობა მხარეებს მიიღონ მონაწილეობა ამაში და სასამართლო გადაწყვეტილება იქნეს კანონზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ის ხიბლი, რაც მოსამართლეს აქვს გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.