შალვა თადუმაძე - ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ მთავარ პროკურატურაში კრიზისი დღეს გადალახულია
შალვა თადუმაძე - ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ მთავარ პროკურატურაში კრიზისი დღეს გადალახულია

ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი, რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა. შემიძლია, დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

თადუმაძემ ისაუბრა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით კვალიფიკაცია შეეცვალა.

„არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებული, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი და მტკიცებულებებით გამოიკვეთა და იურიდიული შეფასება დასჭირდა ამას. ბუნებრივია, მე ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიებისა და კვალიფიკაციის ნაწილში. პირადად მე მივიღე მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და ამ ქმედებაზე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის გადაწყვეტილება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომელიც მაშინ ბრალდებულმა თქვა, რომ ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია – ჯობია, არ აღიარო და გაგიყვან. ბრალდებულმა თქვა, რომ არა, პროკურატურა მე მდებს ბრალს იმაში, რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც იგი საპროკურორო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე წარდგა, განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.

„ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე შევძელი, ეს გადაწყვეტილება მიმეღო და იმ დანაპირების ერთი კომპონენტი შემესრულებინა, რომელიც გავაკეთე, რადგან ასეთი პრაქტიკა, როგორც წესი, საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსი არსებობდა“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.