შალვა თადუმაძე - დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის
შალვა თადუმაძე - დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის

დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

„მოდელირებას მოვახდენ სასამართლოს და პროკურატურას შორის, აღარ მოვერიდები დელიკატურ მიდგომებს. ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა როლი და გავლენა ჰქონდა პროკურატურას სასამართლოზე თუნდაც იმ მაჩვენებლით, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იყო. მე თავს არ მოვიტყუებ, ვთქვა, რომ კომფორტული იყო იმ დროს სასამართლოში პირის დაცვა, რადგან, იდეაში, არაფერს აზრი არ ჰქონდა. დღეს ეს ასე არ არის. ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის.

და მეორე, პროკურატურის მენეჯმენტში მონაწილეობენ მოსამართლეები. ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებული ვარ მოსამართლეების წინაშე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე დასმული შეკითხვაზე პასუხისას.

მან აღნიშნა, რომ ასევე შესაცვლელია დამოკიდებულება სხვა ხელისუფლებებთან დაკავშირებითაც.

„თუ ასე არ შეიცვალა დამოკიდებულებები სხვა უწყებებთან და სხვა ხელისუფლებების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იარსებებს, თუ არ იქნა განცდა იმისა, რომ სასამართლო არის ხელისუფლება“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.