შალვა შავგულიძე - ვფიქრობ, ჩვენ ხვალიდანვე დაგვჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რადგან ნიკა მელიას გათავისუფლების თემა არის დაკავშირებული ამნისტიასთან
შალვა შავგულიძე - ვფიქრობ, ჩვენ ხვალიდანვე დაგვჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რადგან ნიკა მელიას გათავისუფლების თემა არის დაკავშირებული ამნისტიასთან

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, პარტიებს შორის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მოკლე ვადაში უნდა შემუშავდეს ამნისტიის კანონი.

„ვფიქრობ, რომ ხვალიდანვე ჩვენ დაგვჭირდება რაღაც სამუშაო ჯგუფის შექმნა, რადგან ნიკა მელიას გათავისუფლების თემა არის დაკავშირებული ამნისტიასთან. დავიწყებთ ამ კანონზე მუშაობას. ეს იქნება პირველი კონკრეტული საქმე, რომელიც დროში იწვის და სწრაფად არის გადასაწყვეტი, ვინაიდან, შეთანხმების მიხედვით, ერთ კვირაში უნდა მოხდეს ინიცირება.

დიდი მადლობა დახმარებისთვის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, ამ შეთანხმებაზე ოპოზიციის სოლიდური ნაწილის ხელმოწერით დაიწყო კრიზის გადაწყვეტა, მაგრამ კრიზისი გადაწყვეტილი იქნება ამ შეთანხმების ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში.

მე ვთქვი, რომ თუ ხელისუფლება ან ოპოზიცია სწორად ვერ გავიგებთ, სწორად ვერ წავიკითხავთ შეთანხმების სულისკვეთებას მის რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით, ვიტოვებთ უფლებას, ამ შეთანხმების სწორი განმარტებისათვის კიდევ შეგაწუხოთ და მოგმართოთ“, – აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე განმარტებით, შეთანხმებაზე ოპოზიციის სოლიდური ნაწილის ხელმოწერით იწყება კრიზისის განმუხტვა, მაგრამ კრიზისი განიმუხტება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „შეთანხმების ყველა პუნქტი მისი სულისკვეთების სრული გაგებით იქნება რეალიზებული“.

„ახლა შევდივართ ძალიან მძიმე სამუშაო პროცესში, ეს არ არის ის, რომ  მოაწერა ხელი და რაღაცები გადაწყდა, არაფერი არ გადაწყდა, გადაწყდა ის, რომ ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას, ალბათ, მუხლჩაუხრელ მუშაობას, რომ  მოვახდინოთ შეთანხმების რეალიზება და მართლაც შევძლოთ იმ გზის გაგრძელება – ეს არის ევროინტეგრაცია, რასაც ჩვენგან ელის საზოგადოება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.