შალვა შავგულიძე - პარლამენტში დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლება, რასაც სულმოუთქმელად ველი
შალვა შავგულიძე - პარლამენტში დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლება, რასაც სულმოუთქმელად ველი

ვფიქრობ, დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

„დღეს დიდი, არსებითი მუშაობა ალბათ ვერ გვექნება. ვფიქრობ, დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან აქეთა მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან პირობა შესრულებულია. ჩვენ დავრეგისტრირდით, შემოვედით პარლამენტში, მზად გვაქვს და ხელთ გვაქვს ასევე ამნისტიის აქტის ჩვენეული ვარიანტი. ძალიან დიდი იმედი მინდა, ვიქონიო, რომ შევძლებთ ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ერთიანი, სწორი ვარიანტი იქნება წარდგენილი.

ხელისუფლება თუ სხვანაირად წაიკითხავს იმ შეთანხმების პირობებს და წარადგენს, მაინც დაიჩემებს ისეთ პირობებს, ჩვენ მოგვიწევს ალტერნატიული პროექტის წარდგენა. ამ ეტაპის შემდგომი გაგრძელება, აი, ჩვენი პარლამენტში შემოსვლის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს დღესვე პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება, რასაც მერწმუნეთ, სულმოუთქმელად ველი, ვინაიდან სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ადვოკატი გახლდით გიორგი რურუასი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, დაბრალებული დანაშაულით არის ოთხწელ მისჯილი“, – განაცხადა შავგულიძემ.

ამასთან, როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, რომ შეთანხმება გამოიყენოს კონკრეტულად მისი რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის და გასცდეს ამ შეთანხმების ფარგლებს, სულისკვეთებას, ასეთ შემთხვევაში, დამოუკიდებელ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ.

„ამ შეთანხმების სულისკვეთებაც ზუსტად ამაში მდგომარეობს, კარგი იქნება თუ შევჯერდებით ერთ კანონპროექტზე. ეს შეჯერება, მცდელობა დღეს არ დასრულდება, ამისთვის ჯერ კიდევ დრო არის. საკომიტეტო განხილვების დროსაც არის ამის დრო და შესაძლებლობა. თუ ეს მოხერხდება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ეს შეთანხმება გამოიყენოს კონკრეტულად მისი რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის და გასცდეს ამ შეთანხმების ფარგლებს, სულისკვეთებას, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს დამოუკიდებელ კანონპროექტს.

ჩვენ დიდი ხნის მანძილზე გვესმოდა „ქართული ოცნების“ შეთავაზება ნიკა მელიასადმი, რომ თუ ის დათანხმდებოდა გირაოს, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებდა, პროკურატურა იშუამდგომლებდა არასაპატიმრო ღონისძიებას. ალბათ ამ კუთხით უნდა მიმართოთ „ქართულ ოცნებას“, რამდენად მზად არის, საკუთარი პირობა შეასრულოს. ნიკა მელია დათანხმდა გირაოს, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“, შეასრულოს პირობა და გირაოს სანაცვლოდ შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ამნისტიის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, გირაოს შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიებისგან, მაგრამ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ თვეების მანძილზე ამბობდა, რომ ნიკა მელიას ხელთ არის მისი გათავისუფლების გასაღები, ამბობდა, რომ თუ ის დათანხმდება გირაოს, დაუყოვნებლივ მოხდებოდა პროკურატურის მიერ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა. ვიმეორებ, ნიკა მელიას ამ განცხადების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს თავისი პირობა და გაათავისუფლოს ნიკა მელია. ძალიან კარგი იქნება, ეს იქნება სწრაფი განმუხტვა სიტუაციის და ხელშეკრულების იმ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმ ორ საქმეზე, პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმის პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.