შალვა შავგულიძე - იმდენად დაღვინებულია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები, რომ ძალიან დიდხანს ვითანამშრომლებთ
შალვა შავგულიძე - იმდენად დაღვინებულია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები, რომ ძალიან დიდხანს ვითანამშრომლებთ

იმდენად დაღვინებულია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები, იმდენად უკვე ვნახეთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს, ძალიან სასარგებლოდ და პოზიტიურად ვითანამშრომლებთ, – განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“.

„პოლიტიკაში გარანტიები საერთოდ არ არსებობს. როცა „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვდიოდით, გვჯეროდა ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების, რომ ქვეყანაში სამართლის მოსატანად მოვდიოდით და ჩვენს ამომრჩეველს ამას ვპირდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ უსამართლობის გზას დაადგა და თურმე, მათ სულ სხვა ზრახვები ჰქონიათ. ასეთი გარანტიები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, იმდენად დაღვინებულია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები, იმდენად უკვე ვნახეთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს, ძალიან სასარგებლოდ და პოზიტიურად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა შავგულიძემ.

ამ განცხადებით შალვა შავგულიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუ არა ის იმის გარანტი, რომ თუ ხელისუფლებაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად მოვა, „ევროპული საქართველო“ არ გაიმეორებს იმ ძველ პრაქტიკას, რომელსაც თავად უწუნებდა. მაშინ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ბლოკში ყოფნა არ აღმოჩნდა იმის გარანტი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჩაედინა ის, რასაც მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ჩადის.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ წარსულის შეფასებაში თანხმდება.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიუღებელი და დანაშაულებრივი იყო ის უსამართლობა, რასაც მათი ხელისულებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა ადგილი. ეს მათ საჯაროდ არა ერთხელ განაცხადეს. ჩვენ ასევე ერთნაირად ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ, რადგან ეს არის წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაზრდისა“, – განაცხადა შავგულიძემ.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ წარსულზე თვალს არ ხუჭავენ, მას აფასებენ და შეფასებაში თანხმდებიან, მაგრამ ამავდროულად, წარსულის ტყვეობაში არ რჩებიან.

„ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალებს, გვაქვს ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ქვეყნის მომავლისათვის. მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სწორი და ასე უნდა იქცეოდეს პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა შავგულიძემ.