შალვა შავგულიძე - დებატები სასარგებლოა ამომრჩევლის უფრო მეტად ინფორმირებისთვის
შალვა შავგულიძე - დებატები სასარგებლოა ამომრჩევლის უფრო მეტად ინფორმირებისთვის

დებატები სასარგებლოა ამომრჩევლის უფრო მეტად ინფორმირებისთვის, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საარჩევნო დებატების“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლადო კახაძემ უარი თქვა „ტვ პირველის“ ეთერში დებატებზე.

„დებატები, რა თქმა უნდა, ზოგადად სასარგებლოა. ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს კანდიდატების შესახებ, მათი ხედვის შესახებ. დებატებში ეს უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ხოლმე.

სამწუხაროა, რომ ბატონმა ლადომ შეცვალა პოზიცია, უარი თქვა „ტვ პირველში“ დებატებზე. თავდაპირველად ჩვენ „ტვ პირველმა“ შემოგვთავაზა დებატები, რაზეც ორივემ თანხმობა განვაცხადეთ. ბატონმა ლადომ შეცვალა პოზიცია და აღნიშნული დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგა.

ზოგადად, დებატებზე მხოლოდ პოზიტივი შეიძლება ითქვას. თანდათანობით ჩვენი დებატების კულტურაც დაიხვეწება. ეს არის მიღებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში და მეტად სასარგებლო ამომრჩევლის უფრო მეტად ინფორმირებისთვის“,- განაცხადა შავგულიძემ.

ამასთან, შავგულიძის თქმით, ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, 9 ივნისს საარჩევნო უბნებზე თუ მივა, სწორედ არჩევნების გზით, მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების ცვლილება.

„რაც შეეხება მოლოდინებს არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელმაც არ მიიღო პირველ ტურში მონაწილეობა, ეს არის ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ხელისუფლებას, არ აძლევს „ქართულ ოცნებას“ ხმას, მაგრამ მისი პროტესტი პასიური ფორმით გამოხატა და სახლში დარჩა. თუ ეს ამომრჩეველი არჩევნებზე მოვა, შესაძლებელი გახდება, სწორედ არჩევნების გზით მთაწმინდიდან დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების, რომელმაც დაკარგა ჩვენ საზოგადოებაში ნდობა“- განაცხადა შავგულიძემ.