შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქ სხედხართ, არის ის, რომ, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, თქვენი ხელიდან მანდატები იყო გადაყრილი
ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც აღნიშნა, რომ „უმრავლესობის თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს დირექტივას, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, რადგან უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია“.
თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართა, კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა კენჭისყრა და რეგისტრაცია, გაეთავისებინა თავისი როლი, როგორც ამ ინსტიტუციის თავმჯდომარეს და მოეწოდებინა უმრავლესობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელიდან მანდატები გადაყრილი იყო და თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
„პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონი, ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. მეორე – ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია. მაშინ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა თქვენი მომართვა, ზუსტადაც ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი ამ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენი ამომრჩეველი დღეს არის წარმოდგენილი ამ პარლამენტში, არის „ქართული ოცნება“, თქვენი ხელიდან ეს მანდატები იყო გადაყრილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა. პარლამენტის 52-მა წევრმა გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.