შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

19:10, 07.10.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარკუს სტივენსს შეხვდა. ეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრა იყო.

შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

მსგავსი