შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და კარგია, რომ დაგხვდათ ამ ქვეყანაში მშვიდობა
თქვენ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ განსაკუთრებულად გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, კარგია, რომ ამ ქვეყანაში დაგხვდათ მშვიდობა, მათ შორის, სწორედ ხელისუფლების მშვიდი და მტკიცე პოლიტიკის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ გიორგი ვაშაძეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში ცხელი ომი არ არის, ქვეყანაში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევას ისახავს მიზნად.
„დეზინფორმაციის კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა.
ბოლო პერიოდში ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც, სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართულები ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგალითად, როდესაც საუბარი იყო, რომ რუსული სკოლების შესახებ პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა – პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. გუშინ თუ გუშინწინ იყო, რომ თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილება შედის – ესეც ტყუილია. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს – დასმულ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან იყო პასუხი, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ მას კონსტიტუცია დაურღვევია და ამ საკითხში გავერკვევით. ეს იყო მთელი ციტატა. აქედან წამოვიდა ეს თემა, შეიძლება, ამიტომაც ჩაგრჩათ თავში „იმპიჩმენტი“, „კი თუ არა“, იმიტომ, რომ შემდეგ ხდება ამის ასე შეფუთვა, რაც ასევე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.