შალვა პაპუაშვილი - ზელენსკის ირაკლი კობახიძე სანქცირებულთა სიაში ჰყავს, თუმცა მოუწია პრემიერთან მისვლა და საუბარი, ეს მეტყველებს, რამდენად მცდარი იყო მათი პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ზელენსკის ირაკლი კობახიძე სანქცირებულთა სიაში ჰყავს, თუმცა მოუწია პრემიერთან მისვლა და საუბარი, ეს მეტყველებს, რამდენად მცდარი იყო მათი პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ

პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივა, გასაუბრებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, აჩვენებს, რომ ნებისმიერი უსამართლო პოლიტიკა მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი კობახიძესთან საუბარი არის ნიშანი გადააზრებისა, რომ  ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს.

„ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს –  ნებისმიერ პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. თავად პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა თავად მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი. ეს მეტყველებს, რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოიტანს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა იმ ხელისუფლებასთან მიმართებით, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკა აქვს, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში. ეს გულისხმობს, რომ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, გააცნობიერებს თავისი ნაბიჯის სიმცდარეს, ჩვენ მზად ვართ, გადავიაზროთ ყველა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ხდება ხაზგასმა, რომ შეხვედრის ინიციატორი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობაში ნაბიჯი გადასადგმელი უკრაინის ხელისუფლებას აქვს.

„ოთხ წელზე მეტია, უკრაინის ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არათუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. ოთხი წელია, ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის მისული ამ წერტილზე. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დავუჭირეთ. ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მივიღეთ, უკრაინელი ბავშვებისთვის ერთადერთმა ქვეყანამ გავხსენით უკრაინულენოვანი კლასები სკოლებში. უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან. ამის საპასუხოდ, როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს რიტორიკულად თუ სხვა მხრივ თავს ესხმოდა, ეს იყო მიუღებელი. ამიტომ, თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა მცდარი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ამასთან, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხრიდან სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.