შალვა პაპუაშვილი – ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით

14:53, 26.11.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს.

პაპუაშვილის თქმით, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. პრეტენზიები თუკი არის წამოყენებული, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი. ღვინოსთან დაკავშირებით განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, არის უსამართლო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც სწორედ ეს არის, რომ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, მოველით, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე. ამიტომ ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ და ალბათ მნიშვნელოვანი არის რუსეთის ფედერაციისთვის, ხელმძღვანელობისთვის, რომ აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე რომ ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი