შალვა პაპუაშვილი - ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ, დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნები ჩვენი გუნდის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი იქნება
შალვა პაპუაშვილი - ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ, დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნები ჩვენი გუნდის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას, ხოლო ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელებას ულოცავს.

„სახეზეა ორივეს შედეგები – ერთის შემთხვევაში – პარტიის თავმჯდომარის და მეორე შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის სახით, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური მიღწევები, არჩევნების შედეგები, გუნდის სიძლიერე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი ირაკლი კობახიძისა და ღარიბაშვილის სახით. განსაკუთრებით ოპოზიცია უნდა იყოს პოზიტიურად განწყობილი ამის მიმართ. ვფიქრობ, საინტერესოა, როცა მათი კოლეგა, რომელთანაც ერთ დარბაზში იყვნენ წლების განმავლობაში, საერთო დისკუსიები ჰქონდათ, ახლა იქნება პრემიერ-მინისტრი. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც წარმატება ჰქონდა, დიდია მისი პირადი წვლილი. ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარეობა ექნება ჩაბარებული და არანაკლებ რთულია სამართავად. საქმე გვაქვს პარტიასთან, პოლიტიკოსებთან. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისთვისაც ეს მიმართულება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ.

„დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნები ჩვენი გუნდის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.