შალვა პაპუაშვილი – წლებია, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედია თუ აქტივისტური ჯგუფების სურვილია, ქვეყანა რამენაირად ამოაყირავონ

23:52, 12.07.2021

წლებია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედია თუ აქტივისტური ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანა რამენაირად ამოაყირავონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მათი სურვილია, დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა წაართვა, როდესაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. აი, აქედან გამომდინარეა მთელი ეს ტალღა, რომელიც არ ცხრება. ისინი ცდილობენ, რამენაირად გამოიყენონ ყველაფერი. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი, რომელიც გადაულახავია. ადამიანი ცოცხალი იქნება თუ გარდაცვლილი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიზეზი, რომ როგორმე შეძლონ მღელვარების აგორება, იქნება ეს არჩევნები, ადამიანის გარდაცვალება, პანდემია თუ სხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ აქციებმა გამოააშკარავა, რომ არის მედია ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

„ეს ალბათ, სიახლე არავისთვის არ არის, მაგრამ განსაკუთრებით, ეს არის ის სამი ტელევიზია და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორი გახლავთ. დღეს ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელის სამარცხვინო ქცევა, პარლამენტის დარბაზში შემოჭრა და უპატივცემულობა იმ დარბაზის მიმართ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკაში მათი პირდაპირი მონაწილეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ ხედავს საკუთარ პასუხისმგებლობას ხელისუფლება 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებელია ის მოძალადე, რომელმაც მედიის წარმომადგენლებზე იძალადა.

„უკვე 20 ადამიანია დაკავებული და ვხედავთ, რომ შს სამინისტრო ყოველდღე ავლენს სხვადასხვა პირს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება სხვადასხვა პირის გამოვლენა და მათთვის ბრალის წაყენება. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ვაკვირდებით. მათ შორის, შს მინისტრი მოვა და ამაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმ მიმართულებით, რომ ძალადობის ორგანიზატორები გამოვლინდნენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 5 ივლისს ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას, რამაც პროცესების მართვა გაართულა.

„ჩვენ სხვა ქვეყნების, ევროპული სახელმწიფოების თუ აშშ-ის მაგალითზე გვინახავს, რომ როდესაც მასობრივი არეულობაა, რა თქმა უნდა, რთულია ამ პროცესების მართვაში მოქცევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რა შეკითხვები ექნება მმართველ გუნდს ვახტანგ გომელაურთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდს დეტალურად აინტერესებს, რომელ ლოკაციაზე რამდენი პოლიციელი იყო, როგორ იყო შეფასებული რისკები და ა.შ.

მსგავსი