შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში უმასპინძლა 327 ჯგუფს, 5 500-მდე ვიზიტორს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება იგეგმება.

„იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით. მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.