შალვა პაპუაშვილი - ვანო ბურდულს აქვს ვინმე აკაკი ხუსკივაძესთან ერთად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია და ხუსკივაძე თავის მხრივ არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი
ვანო ბურდულს აქვს ვინმე აკაკი ხუსკივაძესთან ერთად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია და ხუსკივაძე თავის მხრივ არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ცესკო-დან გადამდგარ თანამშრომელ ვანო ბურდულს აქვს ვინმე აკაკი ხუსკივაძესთან ერთად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი“. ბატონი აკაკი ხუსკივაძე თავის მხრივ გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი და ამავე დროს, ისიც თავად მუშაობდა ცესკო-ში, აგვისტოში გადადგა ცესკო-დან და ამავე დროს, იყო დამკვირვებელი განათლების პროფესიული კავშირის არასამთავრობო ორგანიზაციის ხაზით; იყო დამკვირვებელი არჩევნებზე, ამიტომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვასაჯაროვებდით ე.წ. ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ამასაც გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.