შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ტანზილა ნარბაევას უზბეკეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და უზბეკეთს შემდგომი წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
„ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მზარდ და ნაყოფიერ ურთიერთობებს. აღინიშნა მიმდინარე წლის ზაფხულში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ საპარლამენტო კავშირები ინტენსიურად ვითარდება.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით. საუბარი, ასევე, შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ამ საკითხზე ერთობლივად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.