შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – ექვსი, ხომ ამბობენ, მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებენო, ვცდილობთ, მათ დავეწიოთ, ეს იუმორით, თუმცა საქმე სერიოზულად არის
უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, რასთან დაკავშირებითაც ბრიუსელიდან ერთი კრიტიკული სიტყვაც არ მოგვისმენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის.
მისივე თქმით, საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, ეფუძნება პრინციპს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და დემოკრატიის მტრებმა დემოკრატიული ინსტრუმენტები თავად დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად არ უნდა გამოიყენონ.
„ეს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოშიც. უახლოესი წარსულის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით ბრიუსელიდან ერთი კრიტიკული სიტყვაც არ მოგვისმენია. მოლდოვაში ორი პარტია აიკრძალა – ბრიუსელიდან ერთი სიტყვა არ მოგვისმენია. მეტიც, მოლდოვაში წელს, ივლისში აიკრძალა ოთხი პარტია, რომლებიც ერთ-ერთი აკრძალული პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნიეს. შეგახსენებთ, ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შარშან, კანონში ცვლილების შეტანით დაამკვიდრა – მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს ნორმები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მეტიც, ისინი არა მხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენება, მათ შორის, მოლდოვაში, სადაც რამდენიმე თვის წინ ოთხი პარტია აკრძალეს. ხომ ამბობენ, საქართველოს უსწრებენ მოლდოვა და უკრაინაო, ამ მხრივაც გვისწრებენ. უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი პარტია, მათ შორის ზოგიერთი მემკვიდრე პარტიად არის აკრძალული. ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ მოლდოვასა და უკრაინას დავეწიოთ. ეს ისე, იუმორით, თუმცა საქმე სერიოზულადაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.