შალვა პაპუაშვილი - უდიდესი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე
შალვა პაპუაშვილი - უდიდესი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე

უდიდესი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობდნენ.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამოფარებული არიან ენჯეოსტრუქტურას, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი. როდესაც ვსაუბრობთ სერგი კაპანაძეზე, იცით, რომ ის არის „გრასის“ დამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით, ხან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო მინისტრის მოადგილე, შემდეგ უცებად გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შემდეგ ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში და იყო პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობისგან“, შემდეგ ისევ დაბრუნდა არასამთავრობო სექტორში, ასეთი ხალხის ჩვენება ხდება, თითქოს ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, რაც ასევე სიყალბეა.

სწორედ ასეთი სიყალბე ვნახეთ გუშინ, ადამიანები გეგმავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის შტურმით აღებას, საუბარი იყო პარლამენტში შესვლაზე და ა.შ. თქვენ გახსოვთ, აშშ-ში როდესაც იყო კაპიტოლიუმზე შტურმი, რას ნიშნავდა ეს. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არის უდიდესი სირცხვილი, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე.

ჩვენ ვნახეთ „სირცხვილიას“ წარმომადგენელი მაქარაშვილი, რომელზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთაზე, რომელიც სწორედ რადიკალიზაციას აქეზებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამ ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ თავისი დასკვნები გამოიტანოს.

გუშინ და გუშინწინ პარლამენტთან მდგომი ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, ის ლიდერები ან კვაზილიდერები, რომლებიც მათ გვერდით ტრიალებდნენ, ვინ არიან სინამდვილეში. ჩვენ გუშინ ორი მათგანის რეალური სახე ვიხილეთ, როდესაც ისინი, მშვიდობიან სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებენ ხოლმე თავის თავს, როგორ გეგმავენ, როგორ ფიქრობენ, როგორ განსჯიან, როდის შევიდნენ პარლამენტში და როდის არ შევიდნენ, როდის შეიჭრან და როდის არ შეიჭრან, როდის არის უფრო ხელსაყრელი მომენტი. ველოდები, რომ არასამთავრობო სექტორი ამაზე გააკეთებს განცხადებას და, იმედია, დაგმობენ და გაემიჯნებიან, მათ შორის ამ ორ სუბიექტს, სერგი კაპანაძესა და მაქარაშვილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.