შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგმა თქვა, რომ გვარამიას საქმეზე ევროკავშირის ყოფილი ელჩი ცდებოდა ან ტყუოდა, წუხილის ნაცვლად ვისმენთ, თურმე საჭიროა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება
შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგმა თქვა, რომ გვარამიას საქმეზე ევროკავშირის ყოფილი ელჩი ცდებოდა ან ტყუოდა, წუხილის ნაცვლად ვისმენთ, თურმე საჭიროა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება

2015 წლიდან მოყოლებული, როცა დაიწყო „რუსთავის 2“-ის საქმე, დღემდე, ყოველ ჯერზე არის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებზე სხვადასხვა საელჩოს მონაწილეობით, ელჩების პირადი ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ის, რასაც ჩვენ სხვა საქმეებზეც ვამბობდით, მეც ხშირად ვციტირებ ხოლმე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, მელიას საქმეზე, სააკაშვილის საქმეზე, ახალაიას, სხვა საქმეებზე, თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმა იყო ხოლმე ოპოზიციის, „ენჯეოების“ და ზოგიერთი უცხოელი აქტორების მხრიდან, მათ შორის, ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წლების განმავლობაში, 2015 წლიდან დაწყებული, „რუსთავის 2“-ის საქმე მაშინ დაიწყო, ფაქტობრივად დღემდე, ყოველ ჯერზე არის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებზე სხვადასხვა საელჩოს მონაწილეობით, ელჩების პირადი ჩართულობით და ქართველ მოსამართლეებზე თავდასხმებით. შემდეგ გადის წლები და ირკვევა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას აბრალებდა პოლიტიკურ მიკერძოებას თუ ა.შ. აღმოჩნდა მტყუანი. ამას ორი ახსნა აქვს. გამოდის, რომ ყველა ის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო, სხვა ქვეყნების საელჩოები, „ენჯეოები“, ოპოზიცია ან არიან მიამიტები და ვერ ერკვევიან საკითხში, ან ამის უკან არის სხვა უფრო არაკეთილსინდისიერი განზრახვა. მე სხვა შემთხვევებზეც არაერთხელ მომიწოდებია. ბოლოს იყო მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 20 ივნისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ყოველ ჯერზე მე მოვუწოდებ ხოლმე საელჩოებს, გამოვიდნენ და განმარტონ, რატომ ჰქონდათ მაშინ მართლმსაჯულებაზე თავდასხმის პოზიცია და აპირებენ თუ არა, გამოთქვან წუხილი მაინც, ბოდიში თუ არა. ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების რეფორმის საჭიროების კონტექსტში ისაუბრა და მიუთითა სახალხო დამცველის დასკვნაზე, რომელიც ამბობდა, რომ საერთოდ დანაშაული არ არსებობდა. ფაქტობრივად, ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა მაშინ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივაციით გამოტანილი განაჩენი. დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ცდებოდა ან ტყუოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ვეტინგთან“ დაკავშირებით ევროკავშირის მოქმედი ელჩის გუშინდელი განცხადება გაუკვირდა.

„ველოდებოდი, ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ორი წელია, ასეთი განცხადებების გამო თავდასხმის ობიექტი არიან ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები. გუშინ, ნაცვლად იმისა, ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მოგვესმინა მწუხარება, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და იყო უსამართლო კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, არ იყო დაყრდნობილი ფაქტებზე, იყო მადესკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, თურმე საჭიროა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი ენჯეოსექტორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.