შალვა პაპუაშვილი – სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის
ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, სიძულვილის ენამ იკლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც ბოლო პერიოდში სწორედ ასე იყო აღქმული.
„ჩვენ გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომელთაც არაფერი გამოასწორებთ, მათი ნირია ასეთი – უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, რომ ქვეყანა არიონ. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა, რომ ლანღვა-გინება და უხამსობა გაიგივებულია ევროპულობასთან. ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.