შალვა პაპუაშვილი - „შავი სიები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი მეთოდია, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ „შავი სიები“ და ახლაც აქვთ
„შავი სიები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი მეთოდია, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ „შავი სიები“ და ახლაც აქვთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საშ სიაზე“ საუბრისას, რომლის შექმნის იდეაც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
„რაც შეეხება ამ „შავ სიას“, ეს ხომ ახალი არ არის, ეს ზოგადად, ცნობილი მეთოდია, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც „შავი სიები“ ჰქონდათ და ყველამ იცის ეს, „შავი სიები“, ვინ უნდა მიეწვიათ კონცერტზე და ვინ არა; „შავი სიები“, ვინ უნდა მიეღოთ სამსახურში და ვინ არა. ახლაც ოპოზიციაში აქვთ „შავი სიები“. დიდი ხანია, ეს „შავი სიები“ მათ აქვთ, თუ ვინ დააბულინგონ და ვინ არა, ვინ დაამუნათონ და ვინ არა; როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, მიუბრუნდებიან ამ შავ სიებს, უკვე სხვანაირად გამოიყენებენ იმ რეპრესიებისთვის, რაც მათ ხელისუფლების დროს ჰქონდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, პარლამენტში მის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა შეაგროვოს.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც 50 დეპუტატს შეუძლია, გამოიყენოს. ასე რომ, ვინც არის ინიციატორი, ის უნდა შეეცადოს, შეაგროვოს 50 დეპუტატის მხარდაჭერა. როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.