შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ  უსაფრთხოების ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე.

აზერბაიჯანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მედიაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.