შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენთვის ნამდვილი მეგობრობა გულისხმობს ღია, კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას

20:07, 29.10.2026

გულითადად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის ისტორიულ თარიღს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წარმატებას, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩვენმა ქვეყნებმა ორმხრივ ურთიერთობაში შთამბეჭდავ წინსვლას მიაღწიეს. ჩვენთვის ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, საერთო გამოწვევების ღიად და გულწრფელად განხილვას, კომპრომისების მიღწევას. დიალოგში ჩვენ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით ვერთვებით. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ურთიერთპატივისცემის, მტკიცე ნდობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს.

სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში დიალოგზე მეტად კონფრონტაციისთვის მზაობას ვხედავთ. რთული და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც სწორედ დიალოგი უნდა იყოს გამოწვევებთან გამკლავების მთავარი გზა, ღრმავდება ქვეყნებს შორის პოლარიზაცია, კონსენსუსის ძიების ნაცვლად კი წახალისებულია დაპირისპირება. ნდობის კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო გამოსავალი სულ უფრო ძნელი მისაღწევი ხდება.

დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე იშვიათად ვხვდებით ნამდვილ მშვიდობისმყოფელ ლიდერებს, განსაკუთრებულია თურქეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი. თურქეთმა შეძლო ერთგულების შენარჩუნება მთავარი მიზნისადმი, რომელიც მშვიდობისკენ სწრაფვაში გამოიხატება. თურქეთის სამშვიდობო ინიციატივები ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგისთვის სათანადო სივრცის შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნდობა იმ აქტორებს შორის, რომლებსაც გლობალური უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ, უკიდურესად დაბალია.

მშვიდობისმყოფელობა სისუსტე არ არის, ის პოლიტიკური სიბრძნის და გამბედაობის გამოხატულებაა. მშვიდობა მოითხოვს პასუხისმგებლობას და დიალოგს. დღეს, როდესაც ნდობა საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო სუსტდება, მშვიდობის ხელშეწყობაზე ზრუნვა განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. წელს საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავს აღნიშნავს. ამიტომ მინდა, გავიხსენო სახარებისეული სიტყვები: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას, რაც შავი ზღვის რეგიონის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„მშვიდობისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებას, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოსა და თურქეთის პარლამენტები ამ ძალისხმევის ავანგარდში არიან. წელს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ჩემს კოლეგას, ბატონ ნუმან ქურთულმუშს. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა მეგობრული, ღია და ნაყოფიერი დიალოგით, ასევე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი გზების განსაზღვრისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევით. საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ჩვენ – პარლამენტის თავმჯდომარეები, მეგობრობის ჯგუფები, კოლეგა პარლამენტარები ვმუშაობთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ინსტიტუციური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა მომავალშიც გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღეს. მჯერა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ მრავალ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი