შალვა პაპუაშვილი - საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა

ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც საქართველოს მოკავშირეების გარეშე დარჩენის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სიცრუეა, თითქოს საქართველოს მოკავშირეების გარეშე რჩება.

„საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა. საქართველო აპირებს, ამ მხრივ იყოს ნაწილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, ეს ერთი; და მეორე, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა. აქ რომ ომი ატეხილიყო, რაც უნდოდა ჩვენს ოპოზიციას და „ენჯეოების“ ნაწილს, საქართველო ხომ დაინგრეოდა, მაგრამ არანაკლები ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც იმით, რომ ჩაიკეტებოდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჩრდილოეთ დერეფანი ჩაკეტილია და ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ხანი იქნება ჩაკეტილი, სამხრეთ კორიდორზეც იცით, რა გამოწვევები არის სრუტეებში, მათ შორის თავდასხმების მხრივ და არის როგორც ხანგრძლივი მარშრუტი, ამავე დროს არ არის უსაფრთხო. ერთადერთი უსაფრთხო და ამავე დროს მოკლე მარშრუტი დაკავშირებისა ევროპასა და აზიას შორის არის საქართველო. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ამაზე, ვინც აქ აპირებდა ომის ატეხვას, ვისი ინტერესებით მოქმედებდა ესა თუ ის ჯგუფი.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი თავდაცვის ძალების თანამშრომლობა გრძელდება სხვადასხვა ფორმატში. ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი, თანხის გამოყოფა ევროკავშირის ფონდის მიერ. როდესაც ჩვენ ვიხილავდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი. ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება თუ ჰქონდათ, რატომ ამტკიცებდნენ ამ პაკეტს?!

შეგახსენებთ, რომ ეს არ შეეხება სამხედრო აღჭურვილობას ან რაიმე სხვა სამხედრო დანიშნულების საკითხებს. ძირითადად არის უსაფრთხოების, მათ შორის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოს მთავრობა – ჩვენც გვქონდა ამაზე კონსულტაციები – აპირებს ბიუჯეტის გაზრდას და, რა თქმა უნდა, ამაში პარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვს. 519 მლნ ლარით იზრდება საქართველოს ბიუჯეტი, მათ შორის, 100 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის ძალების ბიუჯეტი. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი ინტერესია საკუთარ თავდაცვის ძალებზე ზრუნვა. სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რომ სხვების დახმარება შეიძლება გახდეს პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი და რაღაც საბაბებით მოხდეს ამაზე რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.