შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აგრძელებდა მუშაობას ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. 2022 წელს პარლამენტმა მიიღო 298 კანონი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  2022 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

„ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლას, ქმნის ბევრ ახალ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის, განათლების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კულტურის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში. საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშნავს ამ მიმართულებებით უკეთეს პირობებს, უკეთეს სტანდარტებს, უფრო მაღალ ხარისხსა და უკეთეს ხელმისაწვდომობას. ასევე, მივიღეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს ერთიან ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ ყველას, განსაკუთრებით კი დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შემცირებული საბანკო ხარჯებით გადარიცხვების განხორციელება. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუმჯობესდება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლებისა და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის პირველი იანვრიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.