შალვა პაპუაშვილი - საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა
შალვა პაპუაშვილი - საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა

საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტი, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებით, ისე სხვადასხვა ალიანსთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ის საკითხია, რომელსაც დიდი ხანია, ნატო-ს წინაშე ვაყენებთ. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატო-ს მოედანზე. დიდი ხანია, ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა: „რას ნიშნავს ღია კარი?“ ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთნ დაკავშირებით, ამავე დროს, განცხადებებს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ვერ ვხედავთ ამ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, სამ წელზე მეტია, საკუთარი უფლებისთვის იბრძვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ, რომ უთხრან ან კი, ან არა.

„უკრაინელებმა ხომ უნდა გაიგონ, რისთვის დაღვარეს სისხლი? მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო პასუხები. საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ვიყავით ომში, ნატო-ს ომებში მივიღეთ მონაწილეობა, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ომებს ემალებოდნენ. ნატო-ს 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, იქნება ეს კორუფციის სიმცირე, კანონის უზენაესობა თუ სხვა მსგავსი ინდიკატორები. დიდი ხანია, ბურთი არის ნატო-ს მოედანზე, გასცენ პასუხი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი 2017 წელს გაკეთდა, თუმცა ამ სურვილზე განცხადება 20 წლით ადრე ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გაკეთებული.

„პირველად გვითხრეს, რომ კარი ღიაა, მერე გაიხსნა, გაფართოვდა კარი, მაგრამ თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. პრობლემა დღეს არის ნატო-ში, რომელიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი მას შემდეგ, რაც საქართველოა დამოუკიდებელი. პრობლემა ბრიუსელშია, ნატო-ს შტაბბინაც იქ არის. ერთი მხრივ, უკრაინას ეუბნებოდნენ და ჰპირდება ზოგიერთი დღემდე, ნატო-ს წევრი უნდა იყოთო. ამის გამო იბრძვის უკრაინა, რომ საკუთარი სუვერენული უფლებისთვის აირჩიოს ალიანსები, ოთხი წელი გავა, რაც სისხლს ღვრის და პასუხი არ აღირსეს – იღებენ თუ არა. როგორ შეიძლება, მთელი ერი ასე გყავდეს გაურკვევლობაში. ჩვენ ჩვენი პრობლემებით გაურკვევლობაში ვართ, კი ბატონო, მაგრამ ერი, რომელიც სანგრებში ზის, ერთი მხრივ, აქეზებდე, გაქვს უფლება, აირჩიო ალიანსებიო, გახდები ნატო-ს წევრიო და მეორე მხრივ, თქვა, კონსენსუსი არ არისო. არ შეიძლება, ასე მოექცე ერებს, ეს არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.