შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმების შესაძლებლობა არსებობდა, სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავიდან, თურმე არანაირი აზრი ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს
სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავიდან. მაშინვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიდგომაა, მოაქციოს „ქართული ოცნება“ გარკვეულ გვირაბში, სადაც ბოლოში ერთი გამოსავალია, სწორედ ეს არის, სადამდეც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა.
„ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში, ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები, გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭეს ამომრჩევლებმა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დაყვანილია იმაზე, რომ რამდენიმე „ენჯეომ“ დაასახელა რამდენიმე კანდიდატი და იმის იქით ფეხს ვერ ვუცვლით. მგონი, ეს მეტყველებს, რამდენად სერიოზულად უდგებით იმ მანდატს, რომელიც თქვენ ხალხმა მოგანიჭათ. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა უნდა დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიღაც ოთახში შეკრებილმა რამდენიმე „ენჯეომ“, როდესაც მათ კანდიდატები დაასახელეს. ფეხი ვერ მოუცვალა ოპოზიციის ნაწილმა და ვერც კი გაბედეს, რომელიმე სხვა კანდიდატზე ეფიქრათ, გარდა იმისა, რომელიც „ენჯეოების“ მხრიდან იყო დასახელებული. ეს არის რეალობა. დაასახელეთ სახელები და გვარები, რომლებზეც თქვენ ამბობდით, რომ ხართ თანახმა, ყველანი არიან ისინი, რომლებიც რამდენიმე „ენჯეომ“ დაასახელა დახურულ კარს მიღმა, დახურული პროცესით, კორპორატიულად. სამწუხარო განვითარებაა, როცა რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს, პარლამენტს თავს მოახვიოს თავისი გადაწყვეტილება, დაასახელოს კანდიდატები და შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავდეს, განსაკუთრებით, ოპოზიციასა და პატარა პარტიებს ეხებათ, რათა ამ კანდიდატების გარდა, სხვაზე არ იფიქრონ. ეს არის რეალობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან. არსებობდა შეთანხმების შესაძლებლობა, იყო კანდიდატებზე საუბარი, 32 ადამიანის სია იყო იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, საიდანაც არჩევანი შესაძლებელი იყო. სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი იყო, რომელიც შემდეგ გარკვეულწილად შევიწროვდა და იყო საუბარი შესაძლებლობებზე. სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში. თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიდგომა არის, მოაქციოს „ქართული ოცნება“ გარკვეულ გვირაბში ან კალაპოტში, სადაც ბოლოში არის ერთი გამოსავალი, სწორედ ეს არის, სადაც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი არ ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„დღის წესრიგიდან გამომდინარე, მგონი, დღეს ყველა საკითხს განვიხილავთ. ამიტომ ხვალ, დიდი ალბათობით, სხდომა საჭირო არ იქნება. დღეს განვიხილავთ ყველაფერს. შემოსული არის წერილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ დღევანდელ სხდომას და არ იქნებიან. ჩვენ დასაწყისში გვექნება კენჭისყრები სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება კანონპროექტების განხილვა, მათ შორის არის საარჩევნო რეფორმა მესამე მოსმენით და სხვა კანონები. დღის მეორე ნახევარში გვექნება მეორე კენჭისყრა, დღის ბოლოს სტატისტიკის სამსახურისა და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა. კენჭსაყრელ საკითხებში დამატებულია საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის საკითხი. იცით, რომ 19-ვე კანდიდატზე კენჭისყრა იქნება ცალ-ცალკე. სამწუხაროდ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა ფრაქციებს შორის, როგორც გუშინ შევიტყვეთ, შედეგები არ გამოიღო. შესაბამისად, გვექნება კენჭისყრა და შედეგებსაც ვნახავთ. საჭიროა, ბიუროზე კენჭი ვუყაროთ საკითხს, რომ განხილვის გარეშე იყოს კენჭისყრა. მეორე გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკითხი. იცით, რომ 32-მა კანდიდატმა შემოიტანა განცხადება. იყო გასაუბრებები, შემდეგ კონსულტაცია ფრაქციებს შორის და აქაც მოვისმინეთ, რომ, სამწუხაროდ, ვერ მოხდა კანდიდატებზე შეთანხმება. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის 208-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ფრაქციებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ კანდიდატებს. რამდენადაც ვიცი, იყო საუბარი, რომ ფრაქციები უარს ამბობდნენ ამ უფლებაზე და საჭირო იყო მომართვა, თუმცა ყველას მომართვა არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.