შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის არჩევას შესაძლოა, გამოაკლდეს ზოგიერთი პარტიის, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ ხმა, რომლის გარეშეც არჩევა ვერ მოხდება, ოპოზიციას ვურჩევდი, ნუ ჩაიგდებს თავს ჩიხურ მდგომარეობაში 
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის არჩევას შესაძლოა, გამოაკლდეს ზოგიერთი პარტიის, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ ხმა, რომლის გარეშეც არჩევა ვერ მოხდება, ოპოზიციას ვურჩევდი, ნუ ჩაიგდებს თავს ჩიხურ მდგომარეობაში 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესმა პირველ ეტაპზე ისე ჩაიარა, რომ რაიმე შენიშვნაც კი არ არსებობს.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპია კენჭისყრა და პარლამენტში მყოფმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სახალხო დამცველი თანაბრად მისაღები იყოს როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევას შესაძლოა, გამოაკლდეს ზოგიერთი პარტიის, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ ხმა.

„სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ყოველგვარი ხინჯის გარეშე წარიმართა. ატყობთ, რომ პროცესის მიმართ რაიმე შენიშვნაც კი არ არსებობს. პირიქით, თუ რაიმე შენიშვნა მოგვისმენია, იყო ის, რომ პროცესი ჭარბად გამჭვირვალე და ჭარბად მონაწილეობრივი იყო. ვინაიდან პროცესის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არსებობდა, მგონი, ზედმეტი ვერაფერი იქნებოდა, ამიტომ მიხარია, რომ პროცესმა ისე ჩაიარა, ერთი კრიტიკოსიც კი არ ჰყავს.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპს – კენჭისყრას და შეთანხმებას, დადგა დრო, როცა პარლამენტში მყოფმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გასაკეთებელი არჩევანია. სახალხო დამცველი უნდა იყოს თანაბრად მისაღები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ცდილობდა, უმრავლესობა მოემწყვდია გარკვეულ გვირაბში, რათა არჩევანისთვის სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა, დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება, მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომ თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის.

სახალხო დამცველის არჩევას შეიძლება, ზოგიერთი პარტიის ხმა გამოაკლდეს, მაგრამ ამას ვერ გამოაკლდება „ქართული ოცნების“ ხმა. „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომლის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება. ამავე დროს, „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა, კანდიდატურა რომ მისაღები უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ეს თავისთავად დევს პროცესის დემოკრატიულობაში. თუ გვინდა, რომ საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურა იყოს, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისეთ კანდიდატზე შევთანხმდეთ, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის და არა ისე, რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი და შემდეგ ამას უმრავლესობა დაეთანხმება. ეს არის ჩიხური მდგომარეობა. ოპოზიციას ვურჩევდი, ამ ჩიხურ მდგომარეობაში თავი არ ჩაიგდონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.