შალვა პაპუაშვილი - საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი, პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს
შალვა პაპუაშვილი - საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი, პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს

საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მზად არის, უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად სავიზო შეზღუდვები დაუწესოს რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც.

როგორც პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, „არაფერი გასაოცარი არ არის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის მოდერნიზაციის ეტალონი“.

„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 45 პროცენტი ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს – ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულებების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა. ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ის არის, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ამბობს, თითქოს პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ამ საქციელს და ქმედებებს. არაფერი გასაოცარი არ არის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდოთ მათგან ღირებულებით ნაწილში?“ – განახადა შალვა პაპუაშვილმა.