შალვა პაპუაშვილი - როცა ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორეს მძიმე ეპითეტით ამკობს, მნიშვნელოვანია, იყოს არგუმენტები
განსაკუთრებით, როდესაც მძიმე ეპითეტებით ხდება ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოების მოხსენიება, ამას სულ მცირე, უნდა მოყვეს არგუმენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, დღეს ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო“.
„ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი, ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა და ვიღაცამ ისე თქვა. აქ მნიშვნელოვანია არგუმენტი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ
იყოს არგუმენტები. სწორედ ამიტომაც, პარლამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც მონაწილეობს და სადაც მსჯელობა მიდის როდესაც არის ბევრი ხმამაღალი განცხადება სასამართლოსთან მიმართებით, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ხოლმე, არგუმენტები ცოტაა. ჩვენ ასეთი ხმამაღალი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებითაც გვახსოვს და საქმე საქმეზე რომ მივიდა, ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. იმ სამუშაო ჯგუფის იდეა რა არის? – ის, რომ ყველამ დალაგებულად, გაწერილად და ჩამოყალიბებულად წარმოადგინოს არგუმენტები, კონკრეტულად რას ხედავენ როგორც პრობლემას და თუ კი შევთანხმდებით, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რა გზებით შეიძლება რაიმეს შეცვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ზურაბიშვილის იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომ „ნიკა გვარამიას დაკავება არ იყო პოლიტიკურად დროული გადაწყვეტილება“. მისი თქმით, მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს, რა დროში უნდა ჩატარდეს პროცედურები.
„იყო ეს დროული, თუ სათანადო დროს იყო თუ არ იყო, აქ მე მგონი ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, ვერავინ მართლმსაჯულებას ვერ მიუთითებს პროცედურები, რა დროში უნდა ჩატარდეს. მე მიკვირს ასეთი შეფასება. ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და გადაწყვეტილება როდის გამოიტანოს. თუ სასამართლო ასე მოიქცეოდა, სწორედ ეს იქნებოდა პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში ან სასამართლოს პოლიტიზება, თუ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში დაეყრდნობოდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. როდესაც დღეს ევროპულ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობაა, როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო, ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.