შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე საელჩომ მოიკითხა, გვაქვს თუ არა ინგლისურად ნათარგმნი კანონები, ინგლისურად თუ არ აქვთ, საერთოდ რა დასკვნები გამოაქვთ?
რამდენიმე საელჩომ მოიკითხა პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. ინგლისურად თუ არ აქვთ, საერთოდ რა დასკვნები გამოაქვთ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
„ძალიან საინტერესოა განცხადებები, რაც ვნახეთ ბრიუსელიდან თუ სხვა უწყებებიდან. სხვათა შორის, ამ დღეებში რამდენიმე საელჩომ მოიკითხა ეს კანონები, ინგლისურად გვაქვს თუ არა. არ არის ნათარგმნი და ინგლისურად თუ არ აქვთ, საერთოდ რა დასკვნები გამოაქვთ? როგორც ჩანს, ინგლისურადაც არ აქვთ კანონი, მაგრამ დასკვნები მაინც გამოაქვთ და სამწუხაროა, რომ ასეთი წინმსწრები და არაკვალიფიციური აზრი გვესმის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
არ აქვთ ინგლისური ვერსია და აქედან გამომდინარე, რა ენაზე კითხულობენ და რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან, არ ვიცი. როგორც ჩანს, კვლავაც ეყრდნობიან „ენჯეოების“ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ღიად არიან დაკავებული დეზინფორმაციით და პროპაგანდით, რაც წახალისებულია ზოგიერთი ორგანიზაციისა და დონორის მხრიდან, ხდება ხელის დაფარება პროპაგანდის და დეზინფორმაციის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ იმ დონემდე მიიყვანა საქმე რამდენიმე დიპლომატმა თუ პოლიტიკოსმა, რომ დღეს მოსახლეობას კითხვები უჩნდება, რა ხდება ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში?
„გვეკითხებიან, როგორ შეიძლება, რომ ასოცირდებოდეს დღეს ბრიუსელი დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასა და ძალადობასთან? ამ დონეზე მიიყვანეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თავს ესხმიან პარლამენტის შენობას და ცდილობენ, ცეცხლი წაუკიდონ პარლამენტს, მათ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხდება ძალადობა პოლიციელებზე, ვხედავთ, რომ უკვე ჩვეულებრივ წესად აქციეს სოციალურ ქსელში თუ, ზოგადად, ზიზღის ენა და მტრული რიტორიკა. ეს ადამიანები დაქირავებული არიან ბრიუსელის მიერ, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ სხვადასხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მხრიდან გრანტების მეშვეობით. ამას არ გაემიჯნა დღემდე არცერთი დიპლომატი, რომელიც დამფინანსებელია ასეთი ორგანიზაციების.
გვეკითხებიან, რატომ სურს ბრიუსელს, იყოს ასოცირებული დეზინფორმაციასთან, რატომ იქცევა ბრიუსელი ასე, რომ იყოს ასოცირებული პროპაგანდასა და ძალადობასთან? ამას გვეკითხება ჩვენ მოსახლეობა და ჩვენ ვცდილობთ, კვლავ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენც არგუმენტები გვეწურება, რადგან მეც არ მაქვს პასუხი, რატომ არ ემიჯნება ევროკავშირის ადგილობრივი მისია პარლამენტზე თავდასხმას, რომელშიც მონაწილეობენ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და რომელიც ხდება მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციაზე?
როგორ არ შეიძლება, რომ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ერთი სიტყვა უთხრან, საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა? თუ საყვედურობენ მათ, საჯაროდ უთხრან, რომ ეს არ არის დემოკრატიული ფორმა, ცეცხლი წაუკიდო პარლამენტს, არ არის დემოკრატია, იძალადო პოლიციაზე, არ არის დემოკრატიული ფორმა, გაავრცელო დეზინფორმაცია და ტყუილი უცხოური დაფინანსებით და იყო ოპოზიციის პროპაგანდისტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.