შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პუნქტების სწორად შესასრულებლად საჭიროა, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხმა დაიკლოს.

მისივე თქმით, არათუ პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციის ხელშემწყობი იყოს, თავად აღვივებს პოლარიზაციას.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„სამწუხაროდ, ჩვენთან პროპაგანდა იმ დონეზეა მისული, რომ რეკომენდაციებიდან პირველ პუნქტს ისე გადააბიჯებენ და გადაბიჯებული აქვთ, რომ საზოგადოებასაც აზრს უბნევენ. დეპოლარიზაციის არსი რაშია? – დანარჩენი პუნქტები რომ სწორად შესრულდეს და იყოს კონსტრუქციული დისკუსია, თანამშრომლობა, ერთობლივი გადაწყვეტილება, ამისთვის საჭიროა, პოლარიზაციის ხარისხმა დაიკლოს. ეს არის უმარტივესი რეკომენდაცია და თან მასში ჩადებული ლოგიკა – იმისათვის, რომ ყველა დანარჩენი პუნქტი განხორციელდეს, მინიმუმი წინაპირობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაა. რას ვხედავთ? არათუ პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციის ხელშემწყობი იყოს, თავად აღვივებს პოლარიზაციას.

პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან. მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზი არასამთავრობო, კვაზი მედიის სახით იყოს და რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.