შალვა პაპუაშვილი - ორ დეპუტატს 70 სხდომა აქვს გაცდენილი, რაც არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, პარლამენტისადმი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტის თანახმად, ვალდებული არიან, რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი პირველ საკითხად განიხილონ.
„ვიდრე ეს საკითხი არ განიხილება და კენჭი არ ეყრება, სხვა საკითხებზე დღის წესრიგით ვერ გადავალთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება, სხვა ვარიანტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. სხდომათა დარბაზში ამ საკითხზე დებატებიც გაიმართება და მოსაზრებებს ყველა გამოთქვამს. ერთ საკითხს დავაფიქსირებ მხოლოდ – დღეს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა. ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვთ გაცდენილი. ჩემი აზრით, ეს არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტი და ასევე საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა; ეს საკითხი მათ საკუთარ ამომრჩეველთან უნდა გაარკვიონ, თუმცა ვფიქრობ, ამაში კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ 70 სხდომა, ანუ არც ერთ სხდომაზე არდასწრება ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. გვექნება შესაძლებლობა, სხდომათა დარბაზში ამ საკითხზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ოთხი დეპუტატის – კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.