შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს ადებენ კეზერაშვილს, რომ შიდაპარტიული გადატრიალების უკან დგას, ეს გვაჩვენებს, რამხელა ოლიგარქიული გავლენაა რადიკალურ ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც არ ეფუძნება ძირითად ღირებულებებს, რომელიც პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, ეს არის სხვისი პატივისცემა, სხვისი აზრისა და უფლებების პატივისცემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პატივს არ სცემენ საკუთარი გუნდის წევრების მოსაზრებებს, რაც იწვევს დაპირისპირებას.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის შიდაპარტიული გადატრიალების უკან დგას, რაც გვაჩვენებს, რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში.
„მათ ეს საბაზისო პრინციპები არ აქვთ და მათ ეს საბაზისო პრინციპები რომ არ ჰქონდათ, ამიტომაც, ისინი ხელისუფლებას ჩამოაცილა ქართველმა ხალხმა. ახლა ამ საბაზისო პრინციპების არარსებობის გამო საკუთარ გუნდშივე აქვთ დაპირისპირება, რადგან პატივს არ სცემენ საკუთარი გუნდის წევრების მოსაზრებებს, რაც იწვევს დაპირისპირებას. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში. ჩვენ ამას პირდაპირ გვიდასტურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ამ შიდა პარტიული გადატრიალების უკან დგას. ეს არის ოლიგარქიის ცუდი გავლენა, რომელზეც სწორედ ევროკომისია საუბრობდა. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რაც შეიძლება ვისურვოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მცირე საკუთარ პარტიაში მაინც შეძლებს ოლიგარქიული გავლენების რამენაირად შესუსტებას, თუმცა როგორც ვხედავთ, პირიქით, მიდის და როგორც ჩანს, ეს საქმე უფრო გაძლიერებისკენ წავა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის და იმისთვის, რომ დაიბრუნონ აბსოლუტური ძალაუფლება.
„ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის და იმისთვის, რომ დაიბრუნონ აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ, როცა ისინი არ იყვნენ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და საკუთარი ყოველდღიური განწყობის მიხედვით წყვეტდნენ ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებს. ეს არის, რაც პოლიტიკოსების ამ ჯგუფს აქვს მონატრებული და სურთ, რომ ეს აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ, რაც თავის მხრივ, შემდეგ, მათ დააბრუნებთ იმ კორუფციულ სქემებთან, რომელიც ჰქონდათ. ვნახეთ, ამ კორუფციული სქემებით როგორ გამდიდრდა და გახდა ოლიგარქი დღეს ოპოზიციაში მყოფი ზოგიერთი პირი, რაც ჩვენი სასამართლოს მესამე ინსტანციამაც დაადასტურა, როცა დაადასტურა ხუთი მილიონი ევროს მოპარვის საკითხი ქართველი ჯარისგან და როგორ გამდიდრდა ერთი ადამიანი ქართულ ჯარზე 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რომ ფურცელზე ჩაატარა წვრთნა, რომელიც რეალურად არსად ჩატარებულა. არც ერთ ქართველ ჯარისკაცს ეს წვრთნა არ გაუვლია და ჩვენი ბიუჯეტიდან ისე დაიხარჯა ხუთი მილიონი რომელიღაც კომპანიის სასარგებლოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.