შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ექვსი პუნქტიდან ოთხზე უკვე ვმუშაობთ, ახლა მათ უნდა გამოაჩინონ, რომ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის
მთავარი არ არის, მოლაპარაკების რაუნდი როდის იქნება, მთავრია, რამდენად მზად იქნებიან მხარეები, რომ შეთანხმება შედგეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, შეთანხმება რომ შედგეს, საჭიროა ყველა მხარე დაფიქრდეს, რისთვის არის მზად.
„ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა – იცით, რომ დავაინიცირეთ ეს რეფორმა. ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია. იცით, რომ ეს კომისიაც იქმნება, ასევე, როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა თუკი რამენაირად დამტკიცდება ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.
იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – არც გვარებია ნახსენები. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა პრეტენზიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ღია, ცხადი, ნათელი პასუხები.
„მელიას საკითხი თუ გაინტერესებთ, ამაზეც გვაქვს პასუხი. ყველაფერი ჩვენს თვალწინ, დემონსტრაციად მიდიოდა, ადამიანი დემონსტრაციულად არღვევდა კანონს; ამბობდა, ვიცი, რომ ვარღვევ კანონს, ვიწვევ მართლმსაჯულებას და თქვენ მე ვერ დამიჭერთო. ამის პასუხი ის იყო, რომ მართლმსაჯულებას ვინც გამოიწვევს, მართლმსაჯულება მას პასუხს გასცემს.
წითელ ხაზებს რაც შეეხება, რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვთქვით, რომ ვართ მზად, უბრალოდ, უნდა იყოს საფუძველი ამისთვის. საფუძველი ნიშნავს, რომ თუკი რამენაირად დამტკიცდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე არ აისახა ხალხის ნება, ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის საგამოძიებო კომისიაც კი შევქმენით. მე წარმომიდგენია, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ და ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით.
კონკრეტული თარიღი დანიშნული არ არის, სხვა მხრივ, მიდის მუშაობა იმაზე, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მე დავასახელე, ჩვენ რას ვაკეთებთ და იქნებ ჩვენმა ოპონენტებმაც დაასახელონ, თავად რას აკეთებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, პაპუაშვილმა განაცხადა: „ჩვენი პასუხი ნათელია – ყველა ის საკითხი, რომელიც მიმართულია რიგგარეშე არჩევნებისკენ, ეს შესაძლებელია, თუ დამტკიცდება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არ აისახა“.