შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე აუხსნეს დემოკრატიის ანაბანა, რომ მიღებული მანდატი ამომრჩევლის ხმის გასახმოვანებლად უნდა გამოიყენო
ოპოზიციას მოუწევს, 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მიღებულ მანდატს პატივი სცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ მანდატები აშშ-ის წინა ადმინისტრაციისა და ბრიუსელის მითითებით დატოვა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე აუხსნეს დემოკრატიის ანაბანა, რომ მიღებული მანდატი დემოკრატიულ ინსტიტუტებში ამომრჩევლის ხმის გასახმოვანებლად უნდა გამოიყენო.
„მათთვის ამოსავალია არა ის, რასაც ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, არამედ რასაც ეუბნებიან გარედან. ამ ეტაპზე შეუძლიათ, სახლში ისხდნენ და 2028 წელზე იფიქრონ. ჰქონდათ შესაძლებლობა, დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, ამ შეხვედრაზე მათ აუხსნეს დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს ანაბანა, რომ ის მანდატი, რომელსაც მიიღებ, დემოკრატიულ ინსტიტუტებში ამომრჩევლის ხმის გასახმოვანებლად უნდა გამოიყენო. მანდატები დატოვეს, რადგან ამერიკის წინა ადმინისტრაციამ და ბრიუსელმა მიუთითეს. ეს ყველაფერი სრულად მათი ბრალია, ამ მდგომარეობაში თავად ჩაიყენეს თავი, საკუთარი ქცევით. ცეცხლს ნავთი დაასხეს იმით, რომ გადაწყვიტეს, ძალადობით ხელისუფლების შეცვლა შეეძლოთ. 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა ვნახეთ. ამ დანაშაულისთვის ზოგიერთი ლიდერი სასჯელს იხდის. ვეუბნებოდით, გარე დამკვეთებს ნუ უსმენდნენ და ქართველი ხალხისთვის მოესმინათ. არ მოუსმინეს და ეს შედეგი მიიღეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: „გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს“.