შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია პიკეტირებით კანონს არღვევდა, ამაზე ხელი თუ აიღეს, ეს არ ნიშნავს კომპრომისს
ოპოზიცია პიკეტირებით კანონს არღვევდა, ამაზე ხელი თუ აიღეს, ეს არ ნიშნავს კომპრომისს, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ეს არ გახლავთ რამენაირი კომპრომისი. საქმე ისაა, რომ ისინი კანონდარღვევას ჩადიოდნენ პიკეტირებით და ამაზე თუ ხელი აიღეს, ეს არ ნიშნავს კომპრომისს. ეს ნიშნავს, რომ კანონის ჩარჩოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ექვსი პუნქტიდან ოთხზე ხელისუფლება უკვე მუშაობს და ხლა ოპოზიციამ უნდა გამოაჩინოს, რომ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.
„ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა – იცით, რომ დავაინიცირეთ ეს რეფორმა. ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია. იცით, რომ ეს კომისიაც იქმნება, ასევე, როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა თუკი რამენაირად დამტკიცდება ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.
იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – არც გვარებია ნახსენები. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.