შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“ - ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან, მნიშვნელოვანია, ეს ხაზი არ გადაიკვეთოს
შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“ - ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან, მნიშვნელოვანია, ეს ხაზი არ გადაიკვეთოს

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც, ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა; საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრაე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე  საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი.

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია, ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა თუნდაც ელჩის გამოწვევა ბელარუსიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციისთვის.

„აქ საჭიროა ძალიან ფხიზელი დიპლომატიური მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით, რათა ბელარუსმა არ გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან მოვა წინააღმდეგობაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა იქნებოდა ასეთი ნაბიჯი.

საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.